საქართველოს ს.დ. საზღვარი

    ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის 3000 წლოვან ისტორიას ითვლის. მრავალჭირნახული ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში მედგრად იცავდა საკუთარ მამულს, ენას და სარწმუნოებას. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ქართველ ხალხს არასდროს დაუკარგავს მომავლის რწმენა, ბრძოლის ჟინი და სურვილი. სწორედ ამიტომ, მსოფლიო იმპერიების ბრძოლის სარბიელზე ქართველმა ხალხმა შეძლო გადარჩენა და დღევანდელობამდე მოსვლა.                                                                                                                      21-ე საუკუნე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. საქართველოს ისევ აწუხებს ტერიტორიული  მთლიანობის პრობლემა, რომელიც ახალმა თაობამ უნდა გაითავისოს და გააცნობიეროს.  დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს ტერიტორიული საზღვრები, რომელიც გაფრთხილებასა და დაცვას მოითხოვს. დღეს დღეობით საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი სოფელ სარფთან მთავრდება. 

     აჭარა - სოფელი სარფი (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის გამყოფი საზღვარი. ურიგო არ იქნება საკითხის ისტორიული განხილვა და დახასიათება. საუკუნეების განმავლობაში აჭარა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კათხე იყო კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც შავ ზღვასთან მისი სიახლოვე განაპირობებდა. სწორედ ამ კუთხის საშუალებით ხდებოდა აქტიური ეთნოკულტურული კონტაქტები წინა აზიის ისეთ ხალხებთან, როგორებიც იყვნენ ძველი მითანი, ასურელები, ურარტუ, საბერძნეთი და რომი. ქრისტიანობის პირველი მაცნენიც ამ მხრიდან ეწვივნენ საქართველოს. I საუკუნეშ ქრისტეს მოწაფეები ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი და მატათა შემოდიან დასავლეთ საქათველოში და ამცნობენ ქრისტეს მცნებებს ხალხს. უფრო მოგვიანებით აჭარა ხდება  ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო რგოლი. ბიზანტია წარმოადგენდა ევროპული აზროვნებისა და კულტურის ცენტრს V-XV საუკუნეებში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა კავკასიის რეგიონზე, განსაკუთრებით კი საქართველოზე. ვითარება გართულდა XV საუკუნეში, როდესაც 1453 წელს თურქ-ოსმალებმა მოახერხეს და ბიზანტია დაიპყრეს. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთიდან გაუმეზობლდა აგრესიული ოსმალეთის იმპერია, რომელიც იწყებს საქართველოს მიწა-წყლის დაპყრობას. კავკასიაში ოსმალეთის იმპერიას მეტოქეობას უწევს სეფიანთა ირანი და ეს ორი იმპერია ინაწილებს ტერიტორიებს. 1555 წლის ამასიის ზავით საქართველო ორად აღმოჩნდა გახლეჩილი. დასავლეთ საქართველო ოსმალთა გავლენის სფეროდ გამოცხადდა, ხოლო აღმოსავლეთი კი ირანის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში საქართველოს კუთხეებიდან აღმოჩნდა აჭარა და სამცხე, რომლებიც უშუალოდ ემეზობლებოდნენ ოსმალეთს. ამ უკანასკნელის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის გამუსულმანება და გაოსმალება იყო. 4 საუკუნის განმავლობაში აჭარა და სამცხე მოწყვეტილი იყო დედა სამშობლოს. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოხდა მათი ოსმალეთის იმპერიისაგან გათავისუფლება. 1828-29 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად გათავისუფლებულ იქნა სამცხე, ხოლო 1877-78 წლების ომის შემდეგ აჭარა, ართვინისა და არდაგანის ოლქები. ამგვარად ძირძველი ქართული მიწები და მოსახლეობა ისევ დედა სამშობლოს შეუერთდა.      1918 წლის 26 მაისი უმნიშნელოვანესი მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.  117 წლიანი ინტერვალის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახლად შექმნილი სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე იდგა. თურქეთი ისევ ცდილობდა აჭარაზე გავლენის მოპოვებას და ამ მხარის მიტაცებას. მიუხედავად არაერთი მცდელობისა ვითარება უცვლელი დარჩა. აჭარის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის თავგამოდებული დამცველი იყო მემედ აბაშიძე, რომლის დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. აჭარის მოსახლეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში, მაგრამ დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელდა.      1921 წლის თებერვალში საქართველოს თავს დაესხა ბოლშევიკური წითელი არმია, პარალელურად კი აჭარის მხრიდან საქართველოს ფრონტი გაუხსნა ქემალისტურმა თურქეთმა. მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, ხოლო 17 მარტს კი ბათუმიდან ემიგრაციაში გაემგზავრა. დაფანტულმა ქართულმა შენაერთებმა, მიუხედავად რუსებთან მარცხისა, შეძლეს აჭარის თურქთაგან გათავისუფლება. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართველებმა თურქებს ტრაპიზონამდე დაახევინეს,

    მიუხედავად ქართველთა წარმატებისა, 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელი მოეწერა საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტურ თურქეთს შორის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ართვინისა და არტაანის ოლქები, თავისი მოსახლეობით თურქეთის შემადგენლობაში გადადიოდა, აჭარა კი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. იმავე წლის ნოემბერში ე.წ. ყარსის ხელშეკრულებით უშუალოდ იქნა დადგენილი საბჭოთა საქართველოსა და ქემალისტურ თურქეთს შორის საზღვრები. ამრიგად სარფი გამოცხადდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის აჭარის მონაკვეთის საზღვრად.
















Комментариев нет:

Отправить комментарий