ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის 3000 წლოვან ისტორიას
ითვლის. მრავალჭირნახული ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში მედგრად იცავდა საკუთარ
მამულს, ენას და სარწმუნოებას. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ქართველ ხალხს არასდროს
დაუკარგავს მომავლის რწმენა, ბრძოლის ჟინი და სურვილი. სწორედ ამიტომ, მსოფლიო იმპერიების
ბრძოლის სარბიელზე ქართველმა ხალხმა შეძლო გადარჩენა და დღევანდელობამდე მოსვლა.
21-ე საუკუნე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. საქართველოს ისევ აწუხებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც ახალმა თაობამ უნდა გაითავისოს და გააცნობიეროს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენს ტერიტორიული საზღვრები, რომელიც გაფრთხილებასა და დაცვას მოითხოვს. უძველესი დროიდან საქართველოს ჩრდილო–დასავლეთი საზღვარი ნიკოფსიამდე აღწევდა. ეს გეოგრაფიული პუნქტი კი ტუაფსეს რაიონშია საძიებელი. ლეონტი მროველი XI საუკუნეში წერდა: ,,მისვე ადერკის მეფობასა მოვიდეს ათორმეტთა წმინდა მოციქულთაგანი ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს და მუნ აღესრულა წმინდა სიმონ ქალაქსა ნიკოფსიისასა, საზღვარსა ბერძენთასა“. იმავე XI საუკუნის მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქს უხსნიდა: ,, ერთი წმინდა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სიმონს ვიტყვ კანანელსა– ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების“. ეს ფაქტი ნიკოფსიის საქართველოსადმი კუთვნილებაზე მიუთითებს. დღეს დღეობით საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით დე იურე საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის რუსეთის ფედერაციასთან, დე ფაქტოდ კი მდინარე ენგურსა და სოფელ განმუხურზე.
აფხაზეთი
- აფხაზეთი წარმოადგენს ძირძველ ქართულ კუთხეს,
საიდანაც იწყება საქართველოს გაერთიანება. VIII საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მთავარი ლეონ მეორე მთელ დასავლეთ საქართველოს
აერთიანებს. დედაქალაქი ანაკოფიიდან ქუთაისში გადმოაქვს და თავს აფხაზეთის ანუ დასავლეთ
საქართველოს მეფედ აცხადებს. სწორედ აფხაზეთის მეფეების აქტიური მონაწილეობით დაგვირგვინდა
მე-11 საუკუნის დასაწყისში საქართველოს გაერთიანება. გაერთიანებული საქართველოს პირველი
მეფის ბაგრატ III-ის
(978-1014წწ) ტიტულატურა იწყებოდა, როგორც მეფე „აფხაზთა“. ბაგრატი III სწორედ აფხაზეთში, მის მიერვე აგებულ ბედიის მონასტერში
იქნდა დაკრძალული. ამგვარად აფხაზეთი საქართველოს გაერთიანებისა და განვითარების ქვაკუთხედს
წარმოადგენდა.
ვითარება იცვლება
მე-15 საუკუნიდან. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლა და ოსმალთა იმპერიის გაძლიერებამ
მნიშვლეოვანი პრობლეები შეუქმნა საერთო ქართულ აზროვნებას. ამას ემატება მე-17 მე-18
საუკუნეებში ჩრდილო კავკასიელი ადიღეური მოდგმის ხალხების აფხაზეთის მიწაზე დამკვიდრება.
მიუხედავად დაშლისა 1757 წელს ხრესილის ომში იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მხარდამხარ
იბრძვის აფხაზეთის (სამურზაყანოს) მთავარი ხუტუნია შერვაშიძე.
1801-1810 წლებში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო
საქართველოს ფეოდალური სამეფო-სამტავროები. აფხაზეთის სამთავრო საბოლოოდ რუსებმა გააუქმეს
1864 წელს, მას შემდეგ რაც დაასრულეს ჩრდილო კავკასიის მთიელებთან ომი. მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ისლამს აღიარებდნენ. ხელისუფლება მათ ოსმალეთის
აგენტებად თვლიდა და ეჭვის თვალით უცქერდა. აფხაზეთში ადგილი ჰქონდა რამდენიმე ანტირუსულ
აჯანყებას, რომელთაგანაც ყველაზე მძლავრი იყო 1866 და 1877 წლის აჯანყებები. რუსულმა
მმართველობამ ადგილობრივი მოსახლეობა დამნაშავე ხალხად გამოაცხადა და დაიწყო მათი მოჰაჯირობა
ანუ ოსმალეთში გასახლება. სულ აფხაზეთიდან
გასახლებულ იქნა 21 190 ადამიანი. მათ ადგილზე ხელისუფლებამ იწყო კაზაკებისა და სხვა
უფრო სანდო ეთნიკური ჯგუფების ცასახლება. ამასთანავე კოლონიალიზმის მესვეურები ადგილობრივ
მოსახლეობას უნერგავდნენ ქართველების მიმართ ზიზღსა და სიძულვილს. რუს მოხელეებს ამ
საქმეში ზურგს უმაგრებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც.
მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, აფხაზეთი
საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა 1918-21 წლების დამოუკიდებლობის პერიოდში.
1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებით საზღვრად
ამ ორ სუბიექტს შორის მდინარე ფსოუს მარჯვენა სანაპირო დადგინდა, რაც ნიშნავდა აფხაზეთის
საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებას.
აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა
საბჭოთა კავშირში არსებობის პერიოდშიც, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. ვითარება შეიცვალა
მე-20 საუკუნის ბოლოს. საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ხოლო მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკები
კი დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვოდნენ. საბჭოთა მთავრობა შეგნებულად ცდილობდა ასეთი
რესპუბლიკების ეთნიკურ რეგიონებშ კონფლიქტების პროვოცირებას. პროვოკაციები არც საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვეტილა. მისმა მემკვიდრემ, რუსეთის ფედერაციამ შეძლო და
ახლად ჩამოყალიბებული ქართული სახელმწიფო ჩაითრია 1992-93 წლების აფხაზეთის ომში, რაც
აფხაზეთის დროებით დაკარგვით დასრულდა. 100 ათასობით ქართველს იძულებით დაატოვებინეს
თავიანთი მიწა-წყალი და საცხოვრებელი. რუსეთი არც ამას დაჯერდა და 2008 წლის 26 აგვისტოს
ომის შემდეგ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ამგვარად დღეს დღეობით საქართველოსა და
აფხაზეთს შორის საზღვარი მდინარე ენგურსა და განმუხურთან გადის. მიუხედავად ამისა გამოვთქვამთ
იმედს, რომ მომავალი თაოები შეძლებენ კონტაქტებისა და ურთიერთობების აღდგენას ჩვენს
აფხაზ ძმებთან და დებთან, რაც ისევ საქართველოს გაერთიანებით დაგვირგვინდება. განმუხურთან მისვლა ვერ შევძელით, მაგრამ ანაკლია მოვინახულეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий